საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით სსრკ, საბჭოთა კავშირი, სსრ კავშირი, საბჭოეთი) იყო სოციალისტურ-ცენტრალიზებულად მართული მრავალეროვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო და შუა აზიაში.
საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა.
კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს საჯარო-კანონებრივი ვალდებულებანი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას დაეკისრა (მოგვიანებით რუსეთის ფედერაციას).საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (1990 წლის მონაცემებით – 78%) შედგებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკისგან, რომელიც 1917 წლის 7 ნოემბრის რევოლუციის შედეგად რუსეთის ცარისტული იმპერიის ტერიტორიაზე დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელ რუსეთის ფედერაციის სახით მის იურიდიულ მემკვიდრედ დარჩა. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის დომინირების გამო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს მსოფლიოში, მეტწილად კი დასავლეთში, ძირითადად როგორც ”რუსეთს” იცნობდნენ.
გეოგრაფია [რედაქტირება]
საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ზრდა მისი დაარსებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გრძელდებოდა, როდესაც მან ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლიტვა და ლატვია, ასევე ბესარაბიას (რუმინეთის ნაწილი, შემდგომში მოლდავეთის სსრ), ტანუ-ტუვას (ტუვის რესპუბლიკა), აღმოსავლეთ პრუსიის ჩრდილო ნაწილები, ფინეთის, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იაპონიის ტერიტორიული ნაწილები შემოიერთა.
ამგვარად საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფო იყო (თუ არ ჩავთლით რუსეთის იმპერიას 1917 წლამდე, რომლის შემადგენლობაშიც ამის გარდა შედიოდა ფინეთი, პოლონეთი და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილები).
1945 წლიდან საბჭოთა კავშირი ესაზღვრებოდა რუმინეთს, ჩეხოსლოვაკიას, პოლონეთს, ფინეთს, ნორვეგიას, ჩრდილოეთის ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს, ჩრდილოეთ კორეას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მონღოლეთს, ავღანეთს, ირანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და შავ ზღვას.
22,4 მილიონი კვადრატული კილომეტრი სიდიდის სსრკ-ის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის თითქმის მეექვსედს იჭერდა და 11 სასაათო სარტყელს მოიცავდა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ფიზიკური რუკა
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობის განვითარება
1988 წლის მონაცემებით საბჭოთა კავშირის 15 მოკავშირე რესპუბლიკაში მოსახლეობის რიცხვი 286,717 მილიონს შეადგენდა. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა როგორც ტერიტორიულად, ასევე მოსახლეობის რიცხვის მხრივ, მთელ კავშირზე პოლიტიკური და ეკონომიური თვალსაზრისით დომინირებდა.
რელიგიის საკითხი საბჭოთა კავშირში [რედაქტირება]
საბჭოეთის სახელმწიფო დოქტრინას სამეცნიერო ათეიზმი წარმოადგენდა. რელიგიის მიმდევრობა სხვადასხვა დროში ან აკრძალული იყო, ან სახელმწიფოებრივ შეზღუდვას განიცდიდა, მაგალითად, აკრძალული იყო საჯარო საეკლესიო გალობა.
1920 წლისთვის რუსეთის მოსახლეობის 90% მიეკუთვნებოდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 1940 წლისთვის ეს რიცხვი 30%-ზე დაბლა დაეშვა. ურიცხვმა მორწმუნემ რეპრესირება განიცადა ან ციმბირში იქნა გადასახლებული. ბევრი მათგანი აწამეს ან დახვრიტეს.
ლენინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ გამოსცა დეკრეტები და კანონები (1918 წლის იანვარ-თებერვლის ”დეკრეტი სინდისის თავისუფლებაზე, საეკლესიო და რელიგიურ გაერთიანებაზე”, აგრეთვე 27 ივნისის იუსტიციის სახალხო კომისრის პეტრე სტუჩკას მიერ გამოცემული ”ლიკვიდირების კანონი”, რომლებიც ქაღალდზე რელიგიური თავისუფლების გარანტიას იძლეოდნენ, მაგრამ ეკლესიას მის საკუთრებას ართმევდნენ).
სინამდვილეში ეკლესია ძველი წესწყობილების წარმომადგენლად, ხოლო მისი მიმდევრები - კონტრრევოლუციონერებად იქნენ აღიარებული (”რევოლუციის ზურგში ხანჯლის ჩამცენნი”). ამ დეკრეტებს მოჰყვა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა მასობრივი დახვრეტები. სტალინის მმართველობისას ათასობით ეკლესიის მსახურნი ე.წ. ”გულაგში” გადაიგზავნენ (ციმბირის ტერიტორიაზე მოქმედი საბჭოური ტიპის სამუშაო-საკონცენტრაციო ბანაკები). ასევე შუააზიის რესპუბლიკებში, რომლებშიც მეტწილად მუსლიმები ცხოვრობდნენ, მეჩეთების უმრავლესობა დაიხურა და რელიგიური პრაქტიკა აიკრძალა.
გარდა ამისა, ციმბირში, ძირითადად ტბა ბაიკალის სამხრეთ მხარეს, მრავალრიცხოვნად ცხოვრობდნენ ბუდისტები და სხვასხვა ადგილობრივი ტრადიციული რწმენის ხალხები, რომელთა რელიგიური პრაქტიკაც ძლიერ შეზღუდვას განიცდიდა.
1939 წელს მკაცრი სახელმწიფო ანტირელიგიური დამოკიდებულება შესუსტდა. მღვდელთა გარკვეული ნაწილი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ხელახლა გაიხსნა რამოდენიმე უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი და ეკლესია-მონასტერი.
ნიკიტა ხრუშჩოვის დროში ანტირელიიგიური ბრძოლა განახლდა. ხრუშჩოვმა განაცხადა, რომ იგი ”საბჭოთა კავშირის უკანასკნელ მღვდელს ტელევიზიაში გამოიყვანდა”.
მიხეილ გორბაჩოვმა 80-იან წლებში ხელისუფლების მხრიდან რელიგიის შეუწყნარებლობა ძლიერ დაასუსტა, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის მოკავშირე რესპუბლიკებში რელიგიური პრაქტიცირების რეალური თავისუფლების ხანა დადგა.
პოლიტიკა [რედაქტირება]
1990 წლის 18 სექტემბერს მოსკოვში წითელ მოედანზე მოწყობილი სამხედრო აღლუმი
საბჭოთა კავშირი ფორმალურად იყო მოკავშირე რესპუბლიკების ფედერალური კავშირი, ხოლო ფაქტობრივად – ცენტრალიზებულად (მოსკოვიდან) მართული და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დომინირებული სახელმწიფო. ასევე ფორმალურად ხელისუფლება შედგებოდა ”დემოკრატიულად” არჩეული საბჭოებისა და პარლამენტისგან, რეალური ძალაუფლება კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით სტალინის მმართველობისას - ტოტალიტალურად, ხოლო მის შემდეგ - დიქტატორულად მართავდა ქვეყანას.
სსრკ-ის დაშლამდე გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ე.წ. ”გარდაქმნის” პერიოდში სახელმწიფოში რეალური დემოკრატიის შემოღების მცდელობა განხორციელდა, რამაც მხოლოდ მის დაშლას შეუწყო ხელი.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას სახელმწიფოში არა მხოლოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოებრივი ფუნქცია ჰქონდა, არამედ მის ეკონომიკასაც განაგებდა. ქვეყნის ყველა ფუნდამენტალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ინსტიტუციები.
80-იანი წლების ბოლოს საბჭოეთის სახელმწიფო სტრუქტურა თეორიულად უკვე დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ სისტემას დაემსგავსა. ასე მაგალითად, კონსტიტუცია სახელმწიფო ორგანოებს განსაზღვრავდა და მოქალაქეებს მათ პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს გარანტირებდა.
1) სახელისუფლებო ძალაუფლება, 2) სახალხო დეპუტატთა საბჭო და 3) მმართველი უზენაესი საბჭო – ეს სამი ორგანო სახალხო წარმომადგენლობის სახით საბჭოთა ხალხის სუვერენიტეტს განასახიერებდა.
პრეზიდიუმს უზენაესი საბჭო ირჩევდა, რომლის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაურიც იყო და სახალხო კომისართა საბჭოსაც განაგებდა (მოგვიანებით სსრკ-ის მინისტრთა საბჭო, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებდა).
სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, რომლის არჩევა სახელისუფლებო ძალაუფალთა მიერ დადასტურებული უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელი ხდებოდა.
საკონსტიტუციო იურიდიული ორგანო წარმოადგენდა სასამართლოთა სისტემას, რომელსაც უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობდა.
უზენაესი სასამართლო სახელისუფლებო ორგანოების კანონიერების მეთვალყურეობას ახორციელებდა.
1977 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანას გააჩნდა ფედერალური სტრუქტურა, რომელიც თითოეული მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს გარანტირებდა (მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ საკითხებში).
პრაქტიკაში კი - თითოეული სახელმწიფო ორგანოს უმეტეს ამოცანებს წყვეტდა ერთადერთი ლეგალური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია (სსრკ-ის კომპარტია).
კომპარტია იღებდა უმთავრეს ფუნდამენტალურ და პოლიტიკურ ორიენტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო ხელისუფლება, თავად რამის დაკანონების გარეშე, ამ გადაწყვეტილებებს ასრულებდა.
მთელი რიგი მექანიზმებისა მუშაობდნენ იმაზე, რომ ხელისუფლების ყველა ორგანოს კომპარტიის გადაწყვეტილებები მიეღო და განეხორციელებინა ისინი.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოქალაქეებს არჩევნებში გარკვეული კანდიდატისთვის ხმის მიცემის თავისუფლება ჰქონდათ, ეს კანდიდატი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო, და ამასთანავე არჩევნებში მონაწილე კანდიდატები თავად პარტიის მიერვე იყვნენ წამოყენებულნი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის მიმართ ლოიალურად განწობილნი უნდა ყოფილიყვნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტებში მომუშავე პირები კომუნისტური პარტიის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც გამორიცხავდა მათი მხრიდან საერთო ოფიციალური პოლიტიკური ხაზიდან გადახვევის შესაძლებლობას.
აღმასრულებელი ორგანოს – მინისტრთა საბჭოს – უმთავრესი ამოცანა იყო ეკონომიკის მართვა.
მინისტრთა საბჭო შედგებოდა კომუნისტური პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებისგან. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ინსტანციის – პოლიტბიუროს – წევრიც იყო.
ხშირად ამ თავჯდომარედ თავად კომპარტიის გენერალური მდივანივე ხდებოდა. თავმჯდომარეს დანარჩენ მინისტრთა მიმართებაში დომინანტური პოზიცია ეკავა.
1988 წლის კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის უზენაეს ხელისუფლებას სახალხო დეპუტატთა საბჭო წარმოადგენდა. ამ საბჭოს უმთავრესი ამოცანა იყო სახელისუფლებო კრების ანუ უზენაესი საბჭოს და მისი თავჯდომარის არჩევა, რომელიც ამასთანავე სახელმწიფოს მეთაური ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დეპუტატთა საბჭოს თეორიულად კანონების შემოღების უფლება ჰქონდა, იგი იშვიათად იკრიბებოდა, და ისიც იმისთვის, რომ კომპარტიის, მინისტრთა საბჭოსა და უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისთვის მხარი დაეჭირა.
უზენაეს საბჭოს სსრკ-ის ძალაში მყოფ კანონთა ინტერპრეტაციისა და მინისტრთა საბჭოსთან ერთად დეკრეტების მიღების უფლება ქონდა, თუ კანონებში რამე გაურკვევლობები წარმოიქმნებოდა.
სამართლებრივი სისტემა დასავლეთის ქვეყნებისგან ძლიერ განსხვავდებოდა: თუ დასავლეთის სისტემაში ბრალდებულს მოსამართლის წინაშე ადვოკატი იცავს, ხოლო პროკურორი ბრალდებას უყენებს, - საბჭოთა სასამართლოში მოსამართლე როგორც ადვოკატთან, ასევე ბრალმდებელთან ერთად მუშაობდა. საბჭოთა გაგებით ასეთი სისტემა ჭეშმარიტების ძიებას ემსახურებოდა, სინამდვილეში კი - კორუპციას უხსნიდა ხელს.
მეთვალყურეობა, კონტროლი და რეპრესიები [რედაქტირება]
საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება ”ზემოდან” უნდა დაშვებულიყო. მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებას საკმაოდ ინტენსიურად თვალყურს ადევნებდა და აკონტროლებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (”სუკი”). დისიდენტებს სახელმწიფო რეპრესიები და მძიმე სასჯელები ელოდა, რომელთაგან უსაშინლესი იყო დახვრეტა ან ”გულაგის” ტყვეობაში მოხვედრა.
თვითოეულ მოქალაქეზე ასეთი ტოტალიტარული კონტროლი და სახელმწიფოებრივი ძალადობა განსაკუთრებით სტალინისა და ბრეჟნევის მმართველობის პერიოდებში სუფევდა, ხრუშჩოვის დროს ოდნავ შესუსტდა, ხოლო გორბაჩოვმა ქვეყანაში გარკვეულ წილად შეზღუდული, მაგრამ მაინც საგრძნობი კულტურული და პირადული თავისუფლებები დაუშვა.
სტალინის შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირში ანტისაბჭოთა იატაკქვეშეთი ჩამოყალიბდა, რომელიც აკრძალული ლიტერატურისა (”სამიზდატი”) და პოლიტიკური იუმორის - ”ერევნის რადიოს” სახით წლების განმავლობაში არსებობდა.
ეკონომიკა [რედაქტირება]
საბჭოთა კავშირის დაარსების პირველივე წლებში ქვეყანაში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებულად მართული ე.წ. გეგმიური ეკონომიკა. საქონლის წარმოება ექვემდებარებოდა მკაცრ ხუთწლედიან დაგეგვმას.
1945 წლის 25 იანვარს დაარსდა აღმოსავლეთ ბლოკის სატელიტურ (ე.ი. სსრკ-ის ”თანამგზავრ”) სახელმწიფოთა ”ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო” . ეს იყო თითქმის ყველა სოციალისტური სახელმწიფოს ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ქვეყნების საერთო გეგმიური ეკონომიკას.
საკუთრების ფორმები [რედაქტირება]
საბჭოთა კავშირში არსებობდა ორი სახის საკუთრება: კერძო და კოლექტიური. საკუთრების ეს ორი ფორმა ძლიერ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან შინაარსითა და კანონებრივი სტატუსის მიხედვით.
კომუნისტური თეორიების მიხედვით ინდივიდუალური კაპიტალის ქონა, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, დაუშვებელი იყო.
1921 წელს ლენინის მიერ მცირე ხნით ”ახალი ეკონომიკური პოლიტიკის” (რუსულად: НЭП) შემოღების შემდეგ, რომლის დროსაც გარკვეულ წილად დაიშვა კერძო კაპიტალური საკუთრება, ძალიან მალე ლენინმავე ყველა სახის ინდუსტრიული საკუთრება და მიწა - ფორმალურად სახალხო საკუთრებად, სინამდვილეში კი – სახელმწიფოს საკუთრებად გამოაცხადა. ამით საბჭოთა ხელისუფლება კომუნისტური წესწყობილების შემოღებით თავად ერთადერთი და უკონკურენტო კაპიტალისტი გახდა.
მოქალაქის კერძო საკუთრებად მხოლოდ მისი პირადი ნივთები გამოცხადდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment